თეგი: საველე წვრთნები

ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა

თადაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი საბრძოლო სროლები განახორციელა. წინასწარ განსაზღვრულ რაიონში ქვედანაყოფმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა მოახდინა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საბრძოლო სროლებში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, საველე წვრთნები ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც ბატალიონის დონეზე მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას და კონსოლიდაციას მოიცავდა. წვრთნების მიზანი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.  

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა საველე წვრთნები დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საველე სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს უჭერდნენ მხარს ქვეითთა სადაზვერვო ჯგუფები. დასკვნითი საველე სწავლებისას 44-ე საარტილერიო ბატალიონის ბატარეებმა წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს. „ორკვირიანი გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების მიზანი ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რასაც ბატალიონმა წარმატებით გაართვა თავი. სწავლებას, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის 118-ე საარტილერიო ბატალიონის წარმომადგენლები დაესწრნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.